საქართველოს საჯარო დაწესებულებები დღეისათვის ფლობენ დიდი ოდენობით ციფრულ მონაცემს, რომელიც დააგროვეს უფლებამოსილების განხორციელებისას, ან მათზე დაყრდნობით ახორციელებენ თავიათ საქმიანობას. ამ მონაცემების ნაწილის პროაქტიულად გამოქვეყნებას სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
აღსანიშნავია, რომ ყველა სახის საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ღია მონაცემად, რადგან ღია მონაცემი გულისხმობს ე.წ. ნედლ, პირველად მონაცემს, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონული ცხრილის შესაბამის გამოთვლად ფორმატში (მაგ.: CSV, Open XML), ან ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისის საშალებით (API). ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით განახლდეს და ყოველთვის ასახავდეს მოცემული მომენტისათვის არსებულ მდგომარეობას. ამ მიზნით შეიქმნა ღია მონაცემების ქართული პორტალი data.gov.ge, რომელიც განკუთვნილია ღია მონაცემებისა და შესაბამისი მეტა-მონაცემების გამოსაქვეყნებლად, პორტალზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამ მონაცემების გამოყენების შესახებ.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე საჯარო დაწესებულებებში შეფასდა არსებული მონაცემები, მონაცემთა ცხრილები და ელექტრონული სერვისები, რომელთა გამოქვეყნებაც შესაძლებელია ღია მონაცემების პორტალზე. პორტალი ყველა საჯარო დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით გამოაქვეყნოს ღია მონაცემები და შესაბამისი მეტამონაცემები.
პროექტი განხორციელდა „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.